ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის შანსები ამ არჩევნებზე ნულის ტოლია, განწირული არიან ძალიან დიდი მარცხისთვის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე მარცხისთვისაა განწირული.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ოპოზიციამ საზოგადოების ნდობა დაკარგა.
ამასთან, მაჭავარიანი ამბობს, რომ მმართველი პარტია 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი ანგარიშით მოიგებს.
„ოპოზიციის შანსები ამ არჩევნებზე არის ნულის ტოლი. რა თქმა უნდა, მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს საპარლამენტო არჩევნებში, ვინაიდან 61 მანდატი სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა ამ არჩევნებში, არანაირი წარმატების შანსი არ აქვთ. თვითონ ჩაიგდეს თავიანთი თავი ამ დღეში იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რა პოლიტიკასაც ისინი ეწევიან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
დაკარგული აქვთ ნდობა საზოგადოებაში. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს - საერთო კანდიდატებზე ჩამოყალიბდებიან, ვერჩამოყალიბდებიან, რა სიას წარმოადგენენ, თუ ვის დააყენებენ კანდიდატებად, რა თქმა უნდა, ისინი განწირული არიან ძალიან დიდი მარცხისთვის. ჩვენ მათ ვპირდებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი ანგარიშით, დამაჯერებლად მოვუგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.