ლევან მაჭავარიანი - „ოპოზიციის ალიანსში“ უპირისპირდებიან სააკაშვილს, რომელიც დანარჩენი „მიშისტების“ შემქმნელია, ეს არ გამოვა, რადგან ალიანსში ყველაზე დიდი პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“
„ოპოზიციის ალიანსის“ ერთობა ხელოვნურია, დიდხანს ვერ გასტანს, ქაოსში არიან და ამიტომ, რთულია იქ ერთიანობის შენარჩუნება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური რეიტინგი განულებულია.
„გაერთიანების საერთო იდეა როდესაც არ გაგაჩნია, ეს ყველაფერი ხელოვნურია. რა თქმა უნდა, დიდი ხანი ვერ გასტანს, როცა გარედან გავალებენ, უნდა დასხდეთ და ისევ გაერთიანდეთო. არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ლანძღავენ იმ დროს, როცა გაერთიანებულები არ არიან, ხოლო როდესაც ერთიანდებიან, ერთმანეთს მოღიმარი სახეებით უყურებენ. ამ შემთხვევაში უპირისპირდებიან სააკაშვილს, რომელიც ამ დანარჩენი „მიშისტების“ შემქმნელია. სააკაშვილთან დაპირისპირება არ გამოვა, რადგან ამ ალიანსში ყველაზე დიდი პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“.
ქაოსში არიან და, აქედან გამომდინარე, რთულია იქ ერთიანობის შენარჩუნება. არანაირი შანსი არ აქვთ, ეს ერთობა შეინარჩუნონ. ის ნდობა, რაც რამდენიმე წლის წინ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ჰქონდათ, დაკარგული აქვთ, ბოლომდე გაშიფრულები არიან. საზოგადოებამ იცის, რომ გარედან იმართებიან და ეს 14 წელი, რაც ხელისუფლებაში აღარ არიან, დაკავებულები არიან საბოტაჟით, მავნებლური საქმიანობით საქართველოს წინააღმდეგ. ამ ყველაფერმა მათი პოლიტიკური რეიტინგი საბოლოოდ გაანულა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.