ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს, ნებისმიერი პროცესი ქუჩაში გადაჰყავთ და შემდეგ აგრძელებენ ხელოვნური საბოტაჟის შექმნას, რომ რაღაცნაირად ქვეყანა უკან დახიონ
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დებატები“ განაცხადა, რომ ოპოზიციამ, რომელმაც 2024 წლის არჩევნებზე 61 მანდატი მიიღო, თავადვე თქვა მის გამოყენებაზე უარი და ამით შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ ამომრჩეველს.
მაჭავარიანის თქმით, ოპოზიცია ყველა ჯერზე ცდილობს, პროცესები ქუჩაში გადაიტანოს ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, როგორც ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არსებობს და გამონაკლისი ამ მხრივ საქართველო არ არის:
„ბოლო, 2024 წლის არჩევნებზე, როდესაც ოპოზიციამ 61 მანდატი მიიღო, რაც სახუმარო საქმე არ არის თავადვე თქვეს ამ მანდატებზე უარი და თავადვე მიაყენეს თავიანთ ამომრჩეველს შეურაცხყოფა. მათ პროცესები პირდაპირ ქუჩაში გადაიტანეს, აბსოლუტურად ყველა არჩევნებზე ამბობენ, რომ არალეგიტიმურია, ვინაიდან ვერ იგებენ არჩევნებს და ვერც მოიგებენ. ქართველი ხალხი მათ ამის საშუალებას არ მისცემს. შესაბამისად, ეს არის მათი ბრალი, რომ ყველა პროცესი ქუჩაში გადაჰყავთ, ეს არის ჩვენი ერთადერთი პრეტენზია, თუ გინდათ, ამ შემთხვევაში პოლიტიკური პრეტენზია დავარქვათ და არ დავარქვათ სამართლებრივი პრეტენზია. ისინი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ იღებენ, ნებისმიერი პროცესი გადაჰყავთ ქუჩაში და შემდეგ აგრძელებენ ხელოვნური საბოტაჟის შექმნას, რომ რაღაცნაირად ქვეყანა უკან დახიონ.
ქართული პრეცედენტი შეიქმნება, რომელიც მხოლოდ საქართველოში არ არის და კონსტიტუციით გამყარებული უფლებაა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში და ჩვენ ამის პრაქტიკული მაგალითებიც ვიცით, მაგალითად, გერმანიაში, ლატვიაში. დღეს ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები გააჟღერა ბატონმა არჩილ გორდულაძემ და მაგალითებად მოიყვანა, რომელიც შეეხება რამდენიმე ქვეყანას, სადაც ეს პრეცედენტი არსებობს და ძალიან ბევრ ქვეყანას გამოუყენებია.
ამასთანავე, მე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მერე მხოლოდ უკრაინაში არის აკრძალული 20-მდე პარტია და მოლდოვაში არის აკრძალული ორი პარტია და ახლახან ამ ორი პარტიის მემკვიდრე ოთხი პარტია გააუქმეს. ვინმეს რამე პრეტენზია ჰქონია? ვინაიდან იქ დასაბუთებული იყო, თუ რატომ იყვნენ ის პარტიები არაკონსტიტუციურები. ამ შემთხვევაში მე გამოვდივარ უკრაინის და მოლდოვას დამცველად, ვინაიდან მე პრეტენზია არ მომისმენია არავის მხრიდან, როდესაც მათ ეს პარტიები აკრძალეს.
შესაბამისად, ამის პრეცედენტი, რა თქმა უნდა, მსოფლიოში არსებობს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.