Loading data...
ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძე სუსს სულ რაღაც ნახევარი წელი ხელმძღვანელობდა და ეს სამსახური აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა, საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში

„თქვენ, მთლიანად ოპოზიციას, ძალიან მაგრად გაწუხებთ ის, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან ერთი მხრივ, კოორდინაციას გაუწევს გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს და მეორე მხრივ, ეს პოზიცია მას საშუალებას მისცემს, პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და განსაზღვრაში მიიღოს მონაწილეობა - ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მამუკა მდინარაძეს რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს გიგა ფარულავას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მის თქმით, სუსის დამსახურებაა, რომ საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში.

„რაც შეეხება თქვენს რიტორიკას ბატონ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით - ბატონი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელძღვანელობდა სულ რაღაც ნახევარი წელი და ეს სამსახური აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ვიხილეთ, თუ როგორი ნაბიჯები გადადგა მან კორუფციის, ტერორიზმის მიმართულებით, რამდენი საქმე გაიხსნა იმასთან დაკავშირებით, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოჰქონდათ საქართველოში, გაჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს გავლით, სამალავები აღმოჩნდა სადაც შეიარაღება იყო გადამალული თბილისთან ახლოს, ასეთი ტემპით და ასეთი ხარისხით არ მგონია, რომ რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ემუშავა. 

თქვენ, ძალიან მაგრად გაწუხებთ შემდეგი ფაქტი - მთლიანად ოპოზიციას ის, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან  ერთის მხრივ, კოორდინაციას გაუწევს ბატონ გეკა გელაძეს, ბატონ სულხან თამაზაშვილს და თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გადააზღვევს მათ გადაწყვეტილებებსაც და მეორეს მხრივ, ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს საშუალებას მისცემს, პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და განსაზღვრაში მიიღოს მონაწილეობა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რამხელა პოლიტიკური რესურსი და ძალა აქვს მამუკა მდინარაძეს. ხომ დამეთანხმებით, საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურის უზარმაზარი წვლილი არის ამაში.

თქვენ პოპულისტურ ნაბიჯებს რომ დგამთ და ამბობთ პენსია უნდა გაიზარდოსო, ძალიან დიდი სიამოვნებით გავზრდიდით პენსიას, მაგრამ დღეს მაგის საშუალება არ გვაქვს. და კითხვას რომ გისვამენ, რის ხარჯზე გაზრდით პენსიას, რას მოაკლებდით დაფინანსებასო, თქვენი პასუხია, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსო. ეს არის უპასუხისმგებლო პასუხი და პოპულიზმი“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.