ლევან მაჭავარიანი: ლოგიკურია, აშშ-მა მოინდომოს ურთიერთობათა ახალი ნიშნულიდან დაწყება და პასუხი გაეცეს უსამართლობას, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხდებოდა

„ყველანაირ ღირებულებებით ნაწილში როდესაც ვემთხვევით, ლოგიკურია, აშშ-მა მოინდომოს ურთიერთობების ახალი ნიშნულიდან დაწყება, პასუხი გაეცეს უსამართლობას, რაც საქართველოს მისამართით ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხორციელდებოდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპისა და ჯ.დ ვენსისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილში ხაზგასმულია ის პრობლემები, რაც შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოსთან ურთიერთობაში.
„ასევე, ხაზგასმულია სრული თანხვედრა ღირებულებებით ნაწილში, პოლიტიკურ ხედვებში, ჩვენს გზავნილებში და ასე შემდეგ. დონალდ ტრამპი დღეს ასე ღიად რა თემებზეც საუბრობს, „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით სამი წელია, დაწყებული აქვს ამაზე ღია საუბარი.
შესაბამისად, ჩვენი მოლოდონია, რომ უნდა გადაიტვირთოს ურთიერთობები და ახალი ფურცლიდან დაიწყოს. მეტიც, ჩვენ ყველა პლატფორმაზე, ღიადაც, საჯაროდ გაგვიკეთებია განცხადებები, რომ შესაძლებელია, კონკრეტული გზამკვლევი შედგეს და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ, რასაც აშშ შემოგვთავაზებს, თუმცა ბევრ ეჭვს ბადებს ის, რომ ამდენი თვე გავიდა, რაც ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი და ასეთი მაღალი რანგის შეხვედრები, ჩვენ შორის კომუნიკაცია დღემდე არ მომხდარა.
პრემიერმა ღია წერილით მიმართა, მანამდეც იყო წერილი გაგზავნილი და ველოდებით გამოხმაურებას, ვინაიდან, იმ წერილში ისიც არის აღწერილი, რამდენად სანდო პარტნიორია რეგიონში საქართველო აშშ-სთვის. ამაზე მეტყველებს ფაქტები, მტკიცებულებები და ნაბიჯები, რაც საქართველომ ამ მეგობრობისთვის გადადგა.
ამდენ ნაწილში როდესაც არის სრული თანხვედრა, როდესაც ვემთხვევით ყველანაირ ღირებულებებით ნაწილში, პოლიტიკურ შეხედულებებში, გადადგმულ ნაბიჯებში, რიტორიკაში, გზავნილებში, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, აშშ-მა მოინდომოს ურთიერთობების ახალი ნიშნულიდან დაწყება და პასუხი გაეცეს იმ უსამართლობას, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხორციელდებოდა საქართველოს მისამართით.
ამ ყველაფერს წერტილი დაესვას და დავიწყოთ ჯანსაღი მეგობრობა, რომელიც მხოლოდ ფარატინა ფურცელზე არ იქნება, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, რეალური პარტნიორობა უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს გულისხმობს.
„უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგალითად, ისეთი ნაბიჯები, როგორიც ჩინეთთან გაფორმებულ პარტნიორობას მოჰყვა, პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც რეალურ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის უნდა არსებობდეს“, - დასძინა მმართველი გუნდის დეპუტატმა.