Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ყველა ნაბიჯს ასჯერ ვზომავთ, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც ოდნავ მაინც გაზრდის საფრთხეს საქართველოში, ყველანაირ წნეხს ვუძლებთ - ბიძინა ივანიშვილს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში, დე ფაქტო სანქციები დაადეს და ამ შანტაჟსაც გაუძლო

„რუსეთ-უკრაინის ომში მავნებლობით, რამდენ რაღაცას აბრალებდნენ საქართველოს, რომ ვიღაცების მტრული დამოკიდებულება გაეღვივებინათ. როგორ აქციებს გვიწყობდნენ სანქციების არდაწესებაზე, ყველამ კარგად გაიხსენოს, როგორ აქციებს გვიწყობდნენ ეს რადიკალები და ენჯეო-ორგანიზაციები, როდესაც ჩვენ მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მოხალისეები არ გავაგზავნეთ უკრაინაში საბრძოლველად. ეს პირდაპირ ომში ჩართვას არ გულისხმობდა?!“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყველა ნაბიჯს ისე დგამს, რომ ქვეყანას საფრთხე ააცილოს.

მაჭავარიანმა გაიხსენა ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, დე ფაქტო სანქციები დაუწესეს, თუმცა, მისივე თქმით, ნებისმიერი სახის შანტაჟის და წნეხის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ საქართველოს სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტად დარჩება.

„ის გავიხსენოთ, რომ გამოვიდნენ უკრაინის უპასუხისმგებლო ლიდერები, თქვენი შეიარაღება გადმოგვეცითო, ესენი არ იყვნენ, ვინც აქციებს გვიწყობდნენ, რომ უკრაინას შეიარაღება გადაეცითო?! - შე დალოცვილო, ნახევარი დასავლეთი უკრაინას აიარაღებს და მე რატომ გადავცე? ჩვენ იდეალურები ნამდვილად არ ვართ, ვიცით, რომ ძალიან ბევრი მინუსი გვაქვს და ბევრი რაღაც კიდევ უკეთესად არის გასაკეთებელი ამ ქვეყანაში - პირდაპირ ვაღიარებ და ყველა ჩემი თანაგუნდელი აღიარებს. მაგრამ, რაც უნდა დავაფასოთ, ის არის, რომ ჩვენ, აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს ასჯერ ვზომავთ, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც ოდნავ მაინც გამოიწვევს საფრთხის გაზრდის ალბათობას საქართველოში. ყველანაირ წნეხს, ბულინგს, ზეწოლას, შანტაჟს ვუძლებთ - ბოლო ოთხი წელი ამის თვალსაჩინო მაგალითია. ბიძინა ივანიშვილს, ომის დაწყებიდან ორ კვირაში, ორი მილიარდი დაუყადაღეს, ესეც არავის დაავიწყდეს, რომ დე ფაქტო სანქციები დაადეს და ამ შანტაჟსაც, ამ წნეხსაც გაუძლო. რა ზეწოლები, როგორი პირდაპირი მუქარები მოდიოდა ჩვენი გუნდის მიმართულებით ამ ოთხი წლის განმავლობაში - ყველაფერს გავუძელით, იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ საქართველოში. როგორიც არ უნდა იყოს წნეხი, როგორიც არ უნდა იყოს ზეწოლა, გამორიცხულია - ჩვენ ერთ ნაბიჯს ვერ გადაგვადგმევინებს უკან ვერავინ. „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყოველთვის იქნება საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი და ერთადერთი გარანტი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.