ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია, შესაბამისად, ჩვენ უკვე ველოდებით კონკრეტიკას აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან
„ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია, შესაბამისად, ჩვენ უკვე ველოდებით კონკრეტიკას აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამერიკული მხარის გზავნილები სასიხარულოა და ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
„ღიად ვგულშემატკივრობდით ბატონი დონალდ ტრამპის გამარჯვებას და ეს ყველამ კარგად იცის. ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი ერთში ემთხვევა. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს წინაპირობა იმის, რომ ჩვენს შორის რეალური პარტნიორობა დაიწყოს. ამასთანავე, ჩვენ ფორმალური გზებით, არაფორმალური გზებით მუდმივ რეჟიმში ვცვლით ინფორმაციას ამერიკულ მხარესთან, ვაწვდით ინფორმაციას.
„ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმული არის და, შესაბამისად, ჩვენ უკვე ველოდებით კონკრეტიკას აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან. ძალიან სასიხარულო არის იმ გზავნილების მოსმენა, რა გზავნილებიც მოისმინეს ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა და ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს და დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.