Loading data...
ლევან მაჭავარიანი ჯაფარიძის საქმეზე ელჩების განცხადებებზე: როდესაც ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ, ცდილობენ, მოსახლეობაში პოლარიზაცია გააღვივონ ამ თავიანთი ნაბიჯებით, მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოგვიხადონ

„როდესაც ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ, ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ცდილობენ, რომ მოსახლეობაში პოლარიზაცია გააღვივონ ამ თავიანთი ნაბიჯებით, მინიმუმ, ბოდიში მაინც უნდა მოგვიხადონ“, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე რამდენიმე ელჩის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

ლევან მაჭავარიანის თქმით, მათი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია.

„ყველაზე გახმაურებულ, რეზონანსულ საქმეებზე მაქვს საუბარი, რასაც რაღაც პოლიტიკურ იარლიყს აწებებდა დიპლომატიური კორპუსი და ბრიუსელის ბიუროკრატია. ყველა ეს საქმე გასაჩივრდა, შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, სტრასბურგის სასამართლოში. აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ის, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტით, მაგრამ ბოდიში ჩვენ არავისგან მოგვისმენია, ვინაიდან ისინი მიიჩნევენ, რომ საბოდიშო არაფერი აქვთ.

როდესაც ასეთ ბრალდებებს გვიყენებენ, ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ცდილობენ, რომ მოსახლეობაში პოლარიზაცია გააღვივონ ამ თავიანთი ნაბიჯებით, მინიმუმ ბოდიში მაინც უნდა მოგვიხადონ, მაგრამ ვხედავთ მათ დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვისაც, ჩვენი საზოგადოებისთვისაც. პირველ რიგში, ეს მათთვის არის კონტრპროდუქტიული, ვინაიდან ისინი თვითონვე აკნინებენ და თვითონვე აზიანებენ თავიანთ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.