ლევან მაჭავარიანი: გვარამიას წამოცდენა არის კიდევ ერთი დასტური რაზეც ვსაუბრობთ, მისი და დანარჩენი აგენტურის გარე პატრონებს სურდათ და სურთ, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო
„გვარამიას წამოცდენა არის კიდევ ერთი დასტური რაზეც ვსაუბრობთ, მისი და დანარჩენი აგენტურის გარე პატრონებს სურდათ და სურთ, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„რა ტრილიონებზეა საუბარი ცოტა გაუგებარია. ღმერთმა ქნას, რომ ეს ომი მალე დასრულდეს და ის ტრანშები, რაც უკრაინის დასახმარებლად იქნება, სამწუხაროდ ისიც სესხები იქნება ისევე, როგორც 2008 წელს, ომის შემდეგ რა ტრანშებიც წამოვიდა, იმ სესხების პროცენტებს დღემდე ვიხდით, როდესაც იმ ფულის დიდ ნაწილი „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნებმა პირდაპირ ჩაიჯიბეს.
რაც შეეხება გვარამიას წამოცდენას, ეს არის კიდევ ერთი დასტური რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მისი და დანარჩენი აგენტურის გარე პატრონებს, ამდენი წლის განმავლობაში სურდათ და სურთ, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო.
გვარამიას და დანარჩენ აგენტებს, ერთი მხრივ სურდათ, რომ თავიანთი გარე უფროსებისთვის დაემტკიცებინათ, რომ ყველაფერს უსიტყვოდ შეუსრულებდნენ და მეორე მხრივ, ფულის ინტერესიც ჰქონდათ, როდესაც დანგრეული საქართველო უნდა დამდგარიყო ფეხზე და ტრანშები უნდა გადმორიცხულიყო მას შემდეგ, რაც აქ დაიღუპებოდა ძალიან ბევრი ხალხი და ქვეყანა ფაქტობრივად არ იარსებებდა. შემდეგ უკვე იმ ტრანშებზე აპირებდნენ ხელის მოთბობას, ისევე, როგორც ეს გააკეთეს 2008 წელს“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.