Loading data...
ლევან მაჭავარიანი: გვაკრიტიკებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ 6-გვერდიანი, უმარტივესი კანონი მივიღეთ, ახლა თვითონ საუბრობენ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე

„გვაკრიტიკებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ 6-გვერდიანი, უმარტივესი კანონი მივიღეთ, ახლა თვითონ საუბრობენ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, როგორც ჩანს ახლა უკვე ისინიც იაზრებენ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა“,- ასე გამოეხმაურა  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროპის სახალხო პარტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გამჭვირვალობის კანონის მიღებისთვის მწვავედ აკრიტიკებს, თავად არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და საქმიანობის გამჭვირვალობაზე საუბრობს. 

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, 

„გვაკრიტიკებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ 6-გვერდიანი უმარტივესი კანონი მივიღეთ, რომელიც მხოლოდ იმას ავალდებულებდა „ენჯეოს“, გაესაჯაროებინა რა თანხა ჩაერიცხა და სად გადარიცხეს, ახლა თავად საუბრობენ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე. კარგი არის, რომ ამ ტრენდში ევროპა ამერიკას აჰყვა, ვინაიდან ჯერ ამერიკაში ამხილეს USAID-ი და NED-ი, ყველაზე მსხვილი ორგანიზაციები მავნებლურ საქმიანობაში, კრიმინალურ საქმიანობაში.

როდესაც გამჭვირვალობის კანონის მიღება დღის წესრიგში იდგა თვითონ ევროკავშირში, მათ ეს გადადეს და განმარტებით ბარათში ეწერათ, გადადების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ თუ ჩვენ მივიღებთ, ასეთ შემთხვევაში საქართველოს კრიტიკას ამ მიმართულებით ვერ გავაგრძელებთო, ამიტომ იყო ეს ყველაფერი გადადებული. მაგრამ როგორც  ჩანს ახლა უკვე ისინიც იაზრებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.