ლევან მაჭავარიანი: გამჭვირვალობის რეესტრში 400-მდე „ენჯეო“ დარეგისტრირდა, რომლებსაც დასამალი არაფერი აქვთ, თუმცა არსებობენ ე.წ. მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც მხოლოდ მავნებლობენ

„გამჭვირვალობის რეესტრში 400-მდე „ენჯეო“ დარეგისტრირდა, რომლებსაც დასამალი არაფერი არ აქვთ, თუმცა, სამწუხაროდ, ისეთი „ენჯეობიც“ არსებობენ, რომლებსაც ჩვენ ე.წ. მდიდარ „ენჯეოებს“ ვეძახით, რომლებიც ქვეყანაში მხოლოდ მავნებლობას ეწევიან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული „ენჯეოები“ წლების განმავლობაში რევოლუციურ სცენარებს ავითარებდნენ და ეკლესიას ლანძღავდნენ.
„გამჭვირვალობის რეესტრში დაახლოებით 400-მდე „ენჯეო“ დარეგისტრირდა, რომლებსაც დასამალი არაფერი აქვთ. თუმცა, სამწუხაროდ, ისეთი „ენჯეოები“ არსებობენ, რომლებსაც ჩვენ ე.წ. მდიდარ „ენჯეოებს“ ვეძახით.ქალბატონი გიგაური, ლომჯარია, მაქარაშვილი, პატარაია და ა.შ., რომლებიც მხოლოდ მავნებლობენ ქვეყანაში.
ისინი თავიდან ბოლომდე ემსახურებიან თავიანთ გარე უფროსებს. ზღვარი წაშლილი არის მათსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის, ჩვეულებრივად ამ პარტიის დანაყოფს წარმოადგენენ. წლების განმავლობაში რა საქმიანობას ეწეოდნენ, რომ გადავხედოთ - რევოლუციური სცენარების დადგმა, მასში მონაწილეობა, ჩვენი იდენტობისთვის საპირისპირო პროპაგანდის თავს მოხვევა, ეკლესიის ლანძღვა-გინება და შემდეგ თუ აღდგომის დღეები ემთხვეოდა, აქციაზე სანთლით ხელში იდგნენ, გალობდნენ ისეთი ადამიანები, „ენჯეოების“ წარმომადგენლები, რომლებიც პატრიარქის ლანძღვა-გინებით არიან დაკავებულები ბოლო წლების განმავლობაში“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.