Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არც ურსულა ფონ დერ ლაიენზე გადის, არც კალასზე და არც კოსზე, ეს არის ღირებულებები, რის გამოც ჩვენ ევროკავშირისკენ მისვისწრაფვით

„ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არც ურსულა ფონ დერ ლაიენზე გადის, არც კალასზე და არც კოსზე - ეს არის ღირებულებები, რის გამოც ჩვენ ევროკავშირისკენ მისვისწრაფვით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, იმედი აქვს, 2030 წლისთვის, როდესაც ევროკავშირის გაფართოება ოფიციალურად არის დაგეგმილი, ვითარება რადიკალურად შეცვლილი იქნება.

„სიცრუის ტირაჟირება და აბსოლუტურად უარგუმენტო ბრალდებები ზუსტად უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან არის. მიზეზი იყო, რომ საქართველომ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი თქვა. ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არც ურსულა ფონ დერ ლაიენზე გადის, არც კალასზე და არც კოსზე – ეს არის ღირებულებები, რის გამოც ჩვენ ევროკავშირისკენ მივისწრაფვით. დღეს ამ ევრობიუროკრატების ხელში, რომლებიც პირდაპირ „დიფ სთეითის“ ხელდასმული არიან, ევროკავშირი ამ ღირებულებებს დაცილებულია.

იმედს ვიტოვებთ, რომ ხუთ წელიწადში, 2030 წლისთვის, როდესაც ევროკავშირის გაფართოება ოფიციალურად არის დაგეგმილი, ვითარება რადიკალურად შეცვლილი იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირში რამდენიმე ქვეყნის გამოღვიძება დაწყებულია. საქართველო და ქართველი ხალხი მაგალითია იმისა, როგორ უნდა დაიცვა შენი ქვეყნის სუვერენიტეტი. შესაბამისად, ვერავინ შეგვიშლის ხელს, 2030 წელს ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიყოთ, რათა ევროკავშირში გავწევრიანდეთ.

გაგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანგარიშში ყველა მიმართულებაში, რომელიც გუშინ კრიტიკის საგანი იყო, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა. არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატ, არამედ წევრ ქვეყნებსაც ვუსწრებთ. ვიდრე ასეთი თავდასხმების რეჟიმში ვიქნებით, სხვა გზა არ გვრჩება.

ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, რადგან თავმოყვარე ქვეყანა ვართ, თუმცა ყოველთვის ფაქტებით, არგუმენტებით ვპასუხობთ და არა აღქმებით. შესაბამისად, ველოდებით, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება.

ჩვენი საგარეო კურსი პროდასავლურია, კონსტიტუციურადაც გამყარებულია. ერთ მაგალითს ვერავინ მოიყვანს, 13 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ რა გააკეთა რუსული საქმე ან რით გაზარდა რუსეთის გავლენები საქართველოში“, - აცხადებს მაჭავარიანი.