ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს ევროკავშირშიც და ეს ხელდასხმული ბიუროკრატები ვინც არიან და განკარგავენ ევროკავშირის პოლიტიკას, აუცილებლად შეიცვლებიან
„მინდა შევახსენო ყველას, რომ დაახლოებით, ერთი თვის წინ, ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც ავტორიტეტულ გამოცემებს, ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს ეყრდნობოდა და სადაც, თავადვე აღიარეს, რომ საქართველო შედის ევროპის წამყვანი ქვეყნების ოცეულში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.
მისი თქმით, სწორედ ევროკომისიის ანგარიშში იყო აღნიშნული, რომ საქართველო, განვითარების თვალსაზრისით, წინ უსწრებს როგორც ევროკავშირის კანდიდატ, ისე წევრ ქვეყნებსაც. ლევან მაჭავარიანმა იმ მიმართულებებს გაუსვა ხაზი, რომელიც ევროკომისიის ანგარიშში იყო ნახსენები.
„ეს მიმართულებებია: კანონის უზენაესობა და სასამართლო, მიმზიდველი გარემო ინვესტორებისთვის, ეფექტური და შორსმჭვრეტელი მთავრობა, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, კორუფციის სიმცირე, დანაშაულის კონტროლი, დემოკრატიის გარდაქმნის პროცესი, ცვლილებებზე და გამოწვევებზე მთავრობის ეფექტური რეაგირება. ახლა, ჩვენ რასაც ვხედავთ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში, აბსოლუტურად სხვა ჩანაწერებია“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, ევრობიუროკრატებთან ურთიერთობის დალაგება რთულია, საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს და ევროპა, სწორედ, გამოღვიძების პროცესშია. ლევან მაჭავარიანი ერთ-ერთ მაგალითად ჩეხეთს ასახელებს, სადაც უკვე, ეტაპობრივად მიმდინარეობს ცვლილებები.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს ევროკავშირშიც და ეს ხელდასხმული ბიუროკრატები ვინც არიან და განკარგავენ ევროკავშირის პოლიტიკას, აუცილებლად შეიცვლებიან. თუ არ შეიცვლებიან, ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნება ევროკავშირს. ეს პრობლემები იქნება არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ იდენტობის პრობლემაც. თუ ევროპელი მოსახლეობა ვერ გამოიღვიძებს და ამათ [ევრობიუროკრატების] ხელში იქნება ევროკავშირი, მაშინ არ მგონია, რომ ნათელი მომავალი ჰქონდეს ამ ორგანიზაციას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა და იმ ბრალდებებს უპასუხა, რაც საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში იყო აღნიშნული.
„4 ოქტომბრის აქციაზე რომ არაფერი თქმულა, ევროკომისიის პრესსპიკერმა რომ პირდაპირ წაახალისა და სოლიდარობა გამოუცხადა „დამხობის აქციას“, რომ მათი პასუხისმგებლობაცაა, რაც მოხდა შემდეგ, ამაზე საუბარი საერთოდ არ არის. კონკრეტული პასუხები ამ თემაზე მმართველ გუნდს არ მოუსმენია. ეს არის თანამონაწილეობა და წახალისება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.