ლევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, შეურაცხყოფის სერიოზული ფაქტები იყო, რომელიც პირდაპირ გიორგი გახარიას ჰქონდა დავალებული.
„ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა საზოგადოებას ბოდიშს ვუხდით ამ ყველაფერთან დაკავშირებით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ფიზიკურად ვერ მოითმენს. იყო ძალიან სერიოზული შეურაცხყოფები, რომელიც პირდაპირ ჰქონდა დავალებული გიორგი გახარიას, რაც მის ქვეშევრდომებს ჩვენი გუნდისთვის უნდა მიეყენებინათ.
იყო ძალიან მძიმე პირადი შეურაცხყოფები. „ქართული ოცნების“ გუნდის უდიდესი უმრავლესობა აშველებდა და სწორედ ამ გაშველების შედეგი არის ის, რომ ეს ადამიანები გავიდნენ და სხვათა შორის გიორგი შარაშიძე იყო, რომელიც ასევე შეურაცხყოფებით გამოირჩეოდა დღეს და ხელი არ მოხვედრია ისე გავიდა დარბაზიდან. მანდატურის სამსახური იყო ჩართული“, - განაცხადა მაჭავარიანმა.