ლევან მაჭავარიანი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როდესაც 2030 წელი, ევროკავშირის გაფართოების წელი, მოვა, ამ დროისთვის სიტუაცია რადიკალურად იქნება შეცვლილი - დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ევროკავშირშიც გაიმარჯვებს საღი აზრი
„ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ როდესაც 2030 წელი, ევროკავშირის გაფართოების წელი, მოვა, ამ დროისთვის სიტუაცია რადიკალურად იქნება შეცვლილი. ისევე, როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ 5 წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს და გაიმარჯვებს საღი აზრი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რის გამოც საქართველო მისკენ მიისწრაფვის.
„როდესაც ევრობიუროკრატები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მათ ფაქტები ვერ მოჰყავთ, მტკიცებულებები არ გააჩნიათ და საუბრობენ მხოლოდ რაღაც აღქმებით. იგივე შემიძლია შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ დღემდე არ დამთავრებულა საუბარი იმასთან დაკავშირებით, 2024 წლის არჩევნები იყო, თუ არა ლეგიტიმური. რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო, ჩვენი ლეგიტიმაციის წყარო არის ქართველი ხალხი. სანამ არ აღიარებენ ჩვენს არჩევნებს, არ სცემენ პატივს ჩვენს სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამ რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ როდესაც 2030 წელი, ევროკავშირის გაფართოების წელი, მოვა, ამ დროისთვის სიტუაცია რადიკალურად იქნება შეცვლილი. ისევე, როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ 5 წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს, გაიმარჯვებს საღი აზრი და დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რის გამოც მივისწრაფვით ევროკავშირში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.