Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ძალიან არასერიოზულია, როდესაც ბატონი თაზო დათუნაშვილი აკეთებს განცხადებას „იგლ ჰილსის“ არასერიოზულობასთან დაკავშირებით

„ძალიან არასერიოზულია, როდესაც ბატონი თაზო დათუნაშვილი აკეთებს განცხადებას „იგლ ჰილსის“ არასერიოზულობასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა „ლელოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებას „იგლ ჰილსის“ პროექტის შესახებ, რომ „არავითარი ექვს მილიარდიანი ინვესტიცია არ არსებობს“.

დეპუტატის თქმით, „იგლ ჰილსი“ არის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია მსოფლიოს მასშტაბით.

„ძალიან პოზიტიურია ის ორი პროექტი, რომელსაც ისინი განახორციელებენ. აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს არის სიგნალი დანარჩენი მსხვილი ინვესტორებისთვის მსოფლიოს მასშტაბით, რომ რადგან ასეთი მსხვილი ჯგუფი საქართველოში შემოდის, შესაბამისად საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო პირობები.

„ლელო“ არის დაბოღმილ მდგომარეობაში, ყველა კარგად აანალიზებს, მით უმეტეს ხაზარაძე და ჯაფარიძე, რომლებსაც ბიზნესი ძალიან კარგად ესმით, თუ რამხელა პოზიტიური გავლენა ექნება ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. რადგან ეს პოზიტიური გავლენა ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“, რა თქმა უნდა, მათ ყველანაირად სურთ, რომ ხელი შეუშალონ ამ ინვესტიციას“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.