ლევან მაჭავარიანი: დიალოგის გამართვაზე მზაობას კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ოპოზიცია ქუჩაში რომ დატოვეს და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიაღებინეს, ეს მათი ბრალია

„დიალოგთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რა თქმა უნდა, სრულ მზაობას. რადიკალურ ოპოზიციას თუ გულისხმობენ, მათი გათვლებით ისინი [ოპოზიცია] ქუჩაში რომ დატოვეს და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიაღებინეს, ეს მათი ბრალია, თორემ დიალოგისთვის ყველაზე კარგი პლატფორმა არის პარლამენტი, სადაც ოპოზიციას შეეძლო გამოეყენებინა ტრიბუნა, კომისიაში ჩართულიყვნენ, კომიტეტების მუშაობაში და ასე შემდეგ. ეს თავად გარე უფროსებმა დაავალეს, რომ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა არ მიეღოთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების წერილზე საუბრისას განაცხადა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების წერილში საუბარია ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე.
„როდესაც ისინი საუბრობენ რაღაც პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ესეც სწორედ მათი დავალებით მოხდა, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი. ყველამ კარგად იცოდა, რა სასჯელი მოჰყვებოდა ამას და ეს სასჯელი მხოლოდ საქართველოში არ არის. აბსოლუტურად ყველა განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში არის. ხშირ შემთხვევაში გაცილებით მკაცრი, ვიდრე ამას საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს - ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, რის ფონზე ეძახიან მათ პოლიტპატიმრებს ან აქ პოლიტიკური დევნა სად ჩანს, სად იკვეთება?! ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი.
აქვე, მიხეილ ყაველაშვილის ინიციატივას გამოვეხმაურებოდი, აქაც სასპეკულაციო რომ არ დაუტოვოს - შიდა და გარე აქტორებს ამ თემასთან დაკავშირებით, ბატონმა ყაველაშვილმა გამოთქვა მზაობა, თუ ეს ლიდერები რადიკალური ოპოზიციური პარტიების მიმართავენ მას შეწყალებით, იგი მზად არის გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლება და ისინი შეიწყალოს და მათ არჩევნებში შეეძლებათ მონაწილეობა“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.