ლევან მაჭავარიანი: დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში

„დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, საარჩევნო კამპანია, კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში ჩატარდება.
ამასთან, მაჭავარიანი, ამბობს, რომ ოპოზიციის რეიტინგი დრამატულად შემცირებულია.
„ახლო მომავალში ვიწყებთ საშტაბო მუშაობას. ყოველთვის ასე ხდება, ოპოზიციასთან შედარებით თვეებით ადრე ვიწყებთ მომზადებას. წინ არჩევნებს თუ გავიხსენებთ არანაირი საშტაბო მუშაობა ოპოზიციას არ გაუწევია და არჩევნები ჩაუტარეს ქვეყნის გარედან.
რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო კამპანიას, ეს უკვე კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში მოხდება. დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ თავიანთმა გარე უფროსებმა დაავალონ მათ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ვხედავთ, ჯერჯერობით, გაურკვეველია ინსტრუქციები, მითითებები იგვიანებს, თუმცა რაღაც პროცესი გააპარალელეს იმის მოლოდინში, რომ საბოლოო ჯამში, მონაწილეობას მოსთხოვენ თავიანთი გარე უფროსები.
როგორი კონფიგურაციაც არ უნდა იყოს, გარედან რა დავალებაც არ უნდა წამოვიდეს - დაიშალონ შვიდ პარტიად თუ გაერთიანდნენ ერთ პარტიად ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინაიდან, რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.