Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შტომ, რაც კი შედის მთავრობის ქვეშ, იფუნქციონიროს მაქსიმალურად ეფექტურად

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შტომ, რაც კი შედის მთავრობის ქვეშ, იფუნქციონიროს მაქსიმალურად ეფექტურად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის სტრუქტურის შესაქმნელად საჭირო საკანონმდებლო რეგულაციების საკითხს.

მისი თქმით, ეფექტიანობის დეპარტამენტი იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველო აღმოჩნდეს ტოპ 3 ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით.

„ბატონი ირაკლი კობახიძე როგორ კი გახდა პრემიერ-მინისტრი, მან დააანონსა, ერთ-ერთი მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველო აღმოჩნდეს ტოპ 3 ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით. შესაბამისად, ეს დეპარტამენტი, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც იმუშავებს.

ისედაც ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს ჩვენ ამ ინდექსის მიმართულებით, მით უმეტეს დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით და ვასწრებთ, ასევე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შტომ, რაც კი შედის მთავრობის ქვეშ, იფუნქციონიროს მაქსიმალურად ეფექტურად“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ.