Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები უფრო და უფრო რწმუნდებიან იმაში, რომ უალტერნატივოა ის პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აწარმოა

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ქალბატონი ზურაბიშვილის თაოსნობით, ცდილობს, ჩვენი მოქალაქეები შეიყვანოს შეცდომაში, თითქოს რაღაც დღის წესრიგს აყალიბებენ და საერთაშორისო პარტნიორებთან რაღაც ტიპის საუბრები აქვთ“, - ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა და გამოეხმაურა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ შეხვედრებს.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, ისინი საკუთარი თავის გაპიარებას ცდილობენ, არ ემსახურებიან ქვეყნის ინტერესებს და საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ, რადგან მოქალაქეები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ მმართველი გუნდის მიერ წარმოებული პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა. 

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ქალბატონი ზურაბიშვილის თაოსნობით, ცდილობს, რომ ჩვენი მოქალაქეები შეიყვანოს შეცდომაში, თითქოს ისინი რაღაც დღის წესრიგს აყალიბებენ და საერთაშორისო პარტნიორებთან რაღაც ტიპის საუბრები აქვთ და ა.შ. რა შეხვედრებზეა საუბარი, ვის ხვდებიან და რა მესიჯები მოდის შემდეგ მათი შეხვედრებიდან, ხომ? იგივე შეგვიძლია გავიხსენოთ რამდენიმე დღის წინ, სანამ რეზოლუციას მიიღებდა ევროპარლამენტი, როდესაც ბატონი გვარამია და ბატონი ჯაფარიძე იყვნენ ჩასულები და ის ტექსტი ჩაიტანეს პირდაპირ, რა ტექსტიც გადაიტანეს შემდეგ უკვე ევროპარლამენტარებმა იმ საბოლოო რეზოლუციაში.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაფუძნებულია უსამართლობაზე. ისინი ქართველ ხალხს შეცდომაში ვერ შეიყვანენ, არც ეს ტექსტები და არც ეს შეხვედრები არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მათივე თავის გაპიარებას ცდილობენ, თუმცა, რა თქმა უნდა, არაფერი გამოუვათ, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეები, ის ნაწილიც, რომელიც ჩვენი მხარდამჭერები არ არიან, უფრო და უფრო რწმუნდებიან იმაში, რომ უალტერნატივოა ის მესიჯები, ის გადადგმული ნაბიჯები, ის პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აწარმოა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.