Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა ჰქონდეს ასეთ ზესახელმწიფოსთან, ამავდროულად, თავისი სუვერენიტეტი 100%-ით შეინარჩუნოს

„ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა ჰქონდეს ასეთ ზესახელმწიფოსთან“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობები უფრო ღრმავდება.

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ჩამობრძანება, თავის დელეგაციასთან ერთად, ნამდვილად ისტორიული ვიზიტი გახლდათ. ჩვენ ერთად ვადევნებდით თვალყურს, თუ როგორი განცხადებები კეთდებოდა. მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტის განცხადება ჩინურ მედიაში, რომლის პერიფრაზიც მოხდა, რომ ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში სწორედ საქართველოა.

ეს ურთიერთობები უფრო ღრმავდება. რამდენიმე წლის წინ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ნამდვილი მაგალითია თუ როგორი უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორობა, ვინაიდან ამ ყველაფერს მყისიერად მოჰყვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი რეისები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა, ვინაიდან ჩინეთი ზესახელმწიფოა.

ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა არის სწორედ კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა ჰქონდეს ასეთ ზესახელმწიფოსთან. ამავდროულად, თავისი სუვერენიტეტი 100%-ით შეინარჩუნოს“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.