ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში

„როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგონ გარე უფროსებმა, ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, უამრავი ფაქტორია, რამაც ოპოზიციის რეიტინგის კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია.
„როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგონ გარე უფროსებმა, ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში. მნიშვნელობა არ აქვს, ეს დიდი ქალაქი იქნება თუ პატარა, მოვიგებთ როგორც მერობის არჩევნებს, ისე საკრებულოს არჩევნებს. ამაზე პრობლემა არ არის. ჩვენ საშტაბო მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს.
რა თქმა უნდა, ძალიან ბევრმა საკითხმა განაპირობა ის, რომ თვითონ ოპოზიციის რეიტინგი არის დრამატულად შემცირებული. ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული და ამას დაამტკიცებდნენ და ფიზიკურად ვერანაირი მტკიცებულება ვერ დადეს, შემდეგ, მათ ყოველდღიურობას წარმოადგენს, რომ პირდაპირ ეთერებში მოურიდებლად საუბრობენ - ქვეყანა უნდა აღმოვაჩინოთ ეკონომიკურ დესტაბილიზაციაში და რაღაც კრიზისი უნდა გამოვიწვიოთო.
უამრავი ფაქტორია, რამაც გამოიწვია მათი რეიტინგის კიდევ უფრო შემცირება და ჩვენი რეიტინგის კიდევ უფრო გაზრდა 2024 წლის არჩევნებთან შედარებით. შესაბამისად, უშანსოდ არიან“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.