ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს შეგუება იმასთან, რომ მათი აგენტების ხელში ვერ იქნება ვერც ჩვენი სამშობლო, ვერც ჩვენი სამშობლოს სტრატეგიული ობიექტები, ვერანაირი პორტი ჩვენს ქვეყანაში და ვერც შუა დერეფანში საქართველოს პოტენციალი, შესაბამისად, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან ჩვენთან საუბარი
დაკავშირებადობის კუთხით ვხედავთ, თუ რამხელა ინტერესი აქვს პირველ რიგში ბრიუსელს შუა დერეფნის სრულფასოვან ამუშავებასთან დაკავშირებით. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა გარდაუვალია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
ამასთან, მაჭავარიანის განცხადებით, ურთიერთობების დალაგებისთვის ბრიუსელს არაფერი გაუკეთებია.
„4 წლის განმავლობაში ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ ნებისმიერ დროს ჩავალთ ბრიუსელში იმისათვის, რომ თუ რაიმე ტიპის პრეტენზიები არის, რომლებზეც ისინი მზად არიან, რომ არგუმენტირებულად განვიხილოთ. ისინი ამას თავს არიდებენ და თავიანთ აგენტურას მესიჯებს და ნარატივს აწვდიან. ისინი ჯერჯერობით არაფერს აკეთებენ, თუმცა იმის პროგნოზირება, თუ როდის გააკეთებენ, რთული არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სჭირდებათ შუა დერეფანი.
რაც არ უნდა ილაპარაკოს მარტა კოსმა, თუ კაია კალასმა, რომ საქართველო არ ესაზღვრება შავ ზღვას, ყველამ ვიცით, რომ საქართველო შავ ზღვასაც ესაზღვრება, რომ საქართველო შუა დერეფანში საკვანძო ადგილზეა. ყველა ვხედავთ, თუ როგორი ურთიერთობები ყალიბდება საქართველოსა და შუა დერეფნის მონაწილე დანარჩენ ქვეყნებს შორის. ყველა ვხედავთ, როგორი მეგობრობაა ჩვენს მეზობლებთან - თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, როგორ ღრმავდება ურთიერთობები შუა აზიის ქვეყნებთან, როგორ სიღრმეშია უკვე ეს მეგობრობის ურთიერთობა ჩინეთთან. სინგაპურთან ვამყარებთ ახლა მჭიდრო ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს. შესაბამისად, ბრიუსელსაც მოუწევს ამ ყველაფერთან შეგუება, შეგუება იმასთან, რომ მათი აგენტების ხელში ვერ იქნება ვერც ჩვენი სამშობლო, ვერც ჩვენი სამშობლოს სტრატეგიული ობიექტები, ვერანაირი პორტი ჩვენს ქვეყანაში და ვერც შუა დერეფანში საქართველოს პოტენციალი. შესაბამისად, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან ჩვენთან საუბარი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.