ლევან მაჭავარიანი - ბრიტანეთის ელჩთან, ჰერჩინსკისთან და ფიშერთან რადიკალების სტუმრობები ძალიან ხშირია, სწორედ მათგან იღებენ მითითებებს
„ვისთანაც რადიკალები დადიან, რამდენიმე ელჩთან და ევრობიუროკრატთან, სწორედ მათგან იღებენ მითითებებს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის ელჩთან „ოპოზიციის ალიანსის“ წევრების დღევანდელ შეხვედრაზე.
მისი თქმით, ბრიტანეთის ელჩ გარეთ უორდთან, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან და გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან ოპოზიციის წარმომადგენელთა სტუმრობები ძალიან ხშირია.
„სავარაუდოდ, ეს უფრო დიდი ბრიტანეთისთვის ანგარიშის ჩაბარებაა, რადგან მათი ხედვა არავის არ აინტერესებს. ვისთანაც ისინი დადიან, რამდენიმე ელჩთან და ევრობიუროკრატთან, სწორედ მათგან იღებენ მითითებებს, ეს რადიკალები.
კარდაკარი დააანონსეს და ეს აბსურდია. ვისთან უნდა შევიდეს, გიორგი ვაშაძე? ამ ადამიანს ისეთი არაკაცური გამონათქვამი ჰქონდა, ვისთან მივა? – ბავშვებს მოუწოდა, რომ მშობლებს გამარჯობა არ უთხრათ, თუ ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიანო. ვისთან უნდა გაბედოს და კარზე დააკაკუნოს? – რადიკალების ბრიტანეთის ელჩთან, ჰერჩინსკისთან და ფიშერთან სტუმრობები ძალიან ხშირია. იქ საიდუმლო შეხვედრებიც არის ხოლმე. შემდეგ, საელჩოდან სტუმრებს ფილმის სიუჟეტის მსგავსად აპარებენ. გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ლომჯარია გააპარეს. სამარცხვინოა, ეს ყველაფერი. ელჩები ჩვენი მოქალაქეების თვალში თავიანთ რეპუტაციას ბოლომდე აზიანებენ“, – აცხადებს მაჭავარიანი.