Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ბატონი კუპრაძის სიტყვებია, მერად რომ ამირჩევთ, ქუჩაში ყოველ საღამოს აქციები მოეწყობა და მუნიციპალური სამსახურები გაიფიცებაო. ესე იგი, ყოველდღე იქნება აქციები და მერიის არცერთი სამსახური არ იმუშავებსო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა „ლელოსა“ და გახარიას პარტიის ერთობას „ფასადური“ უწოდა. ამის შესახებ მაჭავარიანმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ისაუბრა. 

„წლების განმავლობაში ერთმანეთს ლანძღავდნენ, ერთი მეორეს რუსეთის აგენტს ეძახდა, გახარია ხაზარაძეს თაღლითს ეძახდა და თურმე ახლა დამეგობრდნენ. პარტიაში ჰყავს ბატონ ხაზარაძეს ბატონი ელისაშვილი, რომელიც აკრობატიკით არის დაკავებული, ხან პოლიტიკურით, ხან ფიზიკურით. პირდაპირ ეთერში ლანძღავდა ხაზარაძეს, სერიოზული პრეტენზიები წაუყენა, ციხეებიდან [პატიმრებს] კრედიტებს აფორმებინებდიო, რაც ბიზნესმენებისგან საგამოძიებო კომისიაზეც მოვისმინეთ და შორს არ იყო ეს ბრალდებები რეალობისგან. ასეთი ადამიანი მიიღეს გუნდში. აქ უკვე პრინციპულობაზეც არ არის საუბარი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ ერთად ვერ დააკომპლექტეს საარჩევნო სიები რეგიონებში, რადგან მუნიციპალიტეტებში ავტორიტეტის მქონე ადამიანებს არ სურთ, რომ მათთან იყვნენ აფილირებულები. დეპუტატმა თბილისის მერობის კანდიდატზე, ირაკლი კუპრაძეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქუჩაში 20 ადამიანი რომ გააჩერო, კუპრაძეს მათგან შესაძლოა ერთმა ან ორმა იცნოს.

„თბილისის მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ როგორც კი კუპრაძე მერი გახდება, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მთელი მუნიციპალური სამსახურები გაიფიცება. აბსოლუტურად არაფერი იფუნქციონირებს თბილისში. ბატონი კუპრაძის სიტყვებია, მერად რომ ამირჩევთ, ქუჩაში ყოველ საღამოს სანქცირებული აქციები მოეწყობაო. ესე იგი, მე რომ მერად ამირჩევთო, ყოველდღე იქნება აქციები და მერიის არცერთი სამსახური არ იმუშავებსო. წარმოიდგინეთ, ვისთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.