Loading data...
ლევან მაჭავარიანი აშშ-ის საელჩოს პოზიციაზე: დარწმუნებული ვარ, რომ საელჩოდან, ვინც ეს განცხადება გააკეთა, ამ საგანს კარგად არ იცნობს, ან კითხვა იყო იმგვარად დასმული, რომ შეგნებულად შეცდომაში შეიყვანეს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიციას, რომ შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო, მმართველ გუნდში ეხმიანებიან. 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის დიდი სხვაობა არსებობს.

„დარწმუნებული ვარ, რომ საელჩოდან, ვინც ეს განცხადება გააკეთა, ამ საგანს კარგად არ იცნობს, ან კითხვა იყო იმგვარად დასმული, რომ შეგნებულად შეცდომაში შეიყვანეს.

სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის დიდი სხვაობა არსებობს და ამერიკის საელჩოს ამასთან დაკავშირებით კარგად უნდა მოეხსენებოდეს.

ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც სასამართლოს მხრიდან დაჯარიმებით დასრულდა, ყველგან იკვეთება შემზარავი შეურაცხყოფა ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანზე საჯარო სივრცეში, რაც ყოვლად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციისთვის ეს მიუღებელი უნდა იყოს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ამერიკის საელჩომ „რადიო თავისუფლების“ კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო.