Loading data...
ლევან მაჭავარიანი: აშშ „ფარას“ კანონმდებლობის მეტად გამკაცრებას ფიქრობს, ვინაიდან ეს კანონი ქვეყნის უსაფრთხოებას, ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება „ფარას“ რეგულაციების გამკაცრების შესახებ, გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია.

ასევე, მმართველ გუნდში ხაზგასმით აღნიშნავენ იმასაც, რომ საქართველოში მსგავს კანონზე აგორებული კამპანია უსამართლო იყო და გამჭვირვალობა დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. დაგეგმილი ცვლილება უმრავლესობისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ სუვერენიტეტის დაცვა მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება.

აშშ „ფარას“ კანონმდებლობის მეტად გამკაცრებას ფიქრობს, ვინაიდან ეს კანონი ქვეყნის უსაფრთხოებას, ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს.

როდესაც ჩვენ ვიღებდით ქართულ გამჭვირვალობის უმარტივეს 6-გვერდიან კანონს, რომელიც არის გაცილებით მსუბუქი, ვიდრე ამერიკული „ფარა“, მაშინ თქვენ გახსოვთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელი ელჩი, ქალბატონი დეგნანი, იდგა იმ უბინძურესი კამპანიის ავანგარდში, რასაც ეწოდა „რუსული კანონი“ და რამაც შეიყვანა ჩვენი საზოგადოება შეცდომაში.

თუმცა, გავიდა წლები და რასაც აანონსებდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში თითქოს ემიგრანტები ფულს ვერ გადმორიცხავდნენ, თითქოს ავკრძალავდით ენჯეოორგანიზაციებს, ავკრძალავდით ოპოზიციურ მედიასაშუალებებს და ასე შემდეგ მსგავსი ბოდვები, ჩვენი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.