ლევან მაჭავარიანი: არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან ყველა დაინახავს რამხელა სხვაობით გაანადგურებს „ქართული ოცნება“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს, თუმცა „ეს არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან წინასწარ იციან, თუ როგორი მარცხისთვის არიან განწირულები“.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მმართველი გუნდი მე-10 საიუბილეო გამარჯვებას უზარმაზარი სხვაობით იზეიმებს.
„ქართული ოცნება“ ყველანაირად ხელს უწყობს, წინასაარჩევნო გარემო მაქსიმალურად იყოს მშვიდი, რა თქმა უნდა, ოპონენტებსაც ამისკენ მოვუწოდებთ. თუმცა ჩვენ ვატყობთ, ხელოვნური დაძაბულობის და აჟიოტაჟის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ ე.წ „ტიტუშკებს“ და ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო. გუშინ ვნახეთ როგორ მოვიდნენ მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო სამუშაოები მიმდინარეობდა, ასევე, ხდებოდა მოქალაქეების მიღება, ჩვეულებრივი წინა საარჩევნო სამუშაო და როგორ გვიშლიდნენ ხელს. ყვიროდნენ, ნივთებს ესროდნენ შენობას, ეს არის წინასაარჩევნო გარემოში უხეში ჩარევა.
მისასალმებელია შსს-ის ის განცხადება, რომ გამოძიება სწორედ ამ მუხლითაც არის დაწყებული, ვინაიდან არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს პირველ რიგში, შედის „ქართული ოცნების“ და ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. რა თქმა უნდა, ეს არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში იქიდან გამომდინარე, რადგან წინასწარ იციან, თუ როგორი მარცხისთვის არიან განწირულები და სურთ, რომ ფიზიკურად ვერ მივიდეს სიტუაცია არჩევნების დღემდე, ვინაიდან ლუსტრირება მოხდება მათი რეიტინგის და კიდევ ერთხელ ყველა დაინახავს რამხელა სხვაობით გაანადგურებს „ქართული ოცნება“ მათ. მე-10 საიუბილეო გამარჯვებას ვიზეიმებთ უზარმაზარი სხვაობით“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.