ლევან მაჭავარიანი არასრულწლოვანების აქციებში ჩართვის მოწოდებებზე: ამაში დამნაშავეები არიან არა მხოლოდ შიდა აქტორები, ქალბატონი ზურაბიშვილის თამადობით, არამედ გარე აქტორებიც
დამნაშავეები არიან არა მხოლოდ შიდა აქტორები, ქალბატონი ზურაბიშვილის თამადობით, არამედ გარე აქტორებიც, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, სადაც აქტივისტები სკოლის მოსწავლეებს მოუწოდებენ, გარეთ გავიდნენ და აქციებში ჩაერთონ.
„ამაში, რა თქმა უნდა, დამნაშავეები არიან არა მხოლოდ შიდა აქტორები, ქალბატონი ზურაბიშვილის თამადობით, რომელმაც პირდაპირ ეთერში მოუწოდა, რომ ეს პოლიტიკა სკოლებშიც უნდა შევიტანოთო, არამედ გარე აქტორებიც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდან, რომლებიც, სამწუხაროდ, ამას არ გმობენ და ჩვენ ამის შედეგად ვიხილეთ რა - ვიხილეთ ის, რომ მაგალითად გუშინდელ აქციაზე არასრულწლოვანთა რაოდენობა იყო საკმაოდ გაზრდილი.
დღეს ახლა დილიდან ვაკვირდებით, სკოლებში რა სიტუაციაა, სადაც რამდენიმე სკოლაში მაგალითად შევიდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მფლობელობაში არსებული ტელევიზიების ჟურნალისტები რუპორებით და ისინი მოუწოდებენ ბავშვებს იმისკენ, რომ დატოვონ სკოლები და შეუერთდნენ აქციებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.