ლევან მაჭავარიანი: არ მგონია, დონალდ ტრამპი, ილონ მასკი „ქართული ოცნების“ რაღაც შეთქმულების თეორიას წამოგებოდნენ, „დიფ სთეითის“ ძალები არსებობს
„არ მგონია, ბატონი დონალდ ტრამპი, ილონ მასკი „ქართული ოცნების“ რაღაც შეთქმულების თეორიას წამოგებოდნენ. ეს ძალები არსებობს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დიფ სთეითზე“ საუბრისას განაცხადა.
დეპუტატმა, ასევე, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შესახებ ისაუბრა.
„რაც შეეხება ტრამპის ინაუგურაციას, რომელსაც ასე ელოდება მთელი მსოფლიო, ხვალ ეს დღე შედგება. ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიური მოლოდინები იქიდან გამომდინარე, რომ თუ როგორ მიდიოდა მისი საარჩევნო კამპანია და რაზე იყო აწყობილი. თუმცა, არ უნდა გამოგვრჩეს ის, რომ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ხდება დონალდ ტრამპს და ჩვენთვის ეს აუცილებლად არის გასათვალისწინებელი იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, დედამიწა საქართველოს გარშემო არ ტრიალებს. ძალიან ბევრი პრობლემა აქვს დასალაგებელი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინაში ომის დასრულება და მისი დაპირებაა რომ უახლოეს თვეებში იგი ამას მოახერხებს, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია გარდა იმისა, რომ უკრაინაში ეს ტრაგედია უნდა მორჩეს. ამ შემთხვევაში გაქრება ის ინტერესი, რაც არსებობდა ამ 3 წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის ინტერესზე მაქვს საუბარი და რა თქმა უნდა, უფრო გააიოლებს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე, ევროკავშირთან“, - აცხადებს მაჭავარიანი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ასევე, „დიფთ სთეითთან“ დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ამ ძალების წინააღმდეგ ღია ომი აქვს გამოცხადებული.
„დონალდ ტრამპს და მთელ მის ადმინისტრაციას აქვს გამოცხადებული ძალიან ღია ომი და ბრძოლა „დიფთ სთეითთან“, რომელსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას პირობითად ვუწოდებდით და ძალიან ისეთი თემა იყო ეს ოპოზიციისთვის, ამასთან დაკავშირებით ბევრს ხუმრობდნენ. არ მგონია, დონალდ ტრამპი და ილონ მასკი და.ა.შ „ქართული ოცნების“ რაღაც შეთქმულების თეორიას წამოგებოდნენ. ეს ძალები არსებობს, ჩვენ ძალიან ფრთხილად ვსაუბრობდით ამ ძალებთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მაგრამ უფრო მეტს საუბრობს ბატონი დონალდ ტრამპი, ბატონი ილონ მასკი და.ა.შ.
თუ ბატონმა ტრამპმა მოახერხა ის, რომ „დიფ სთეითის“ გავლენები ამერიკის ბიუროკრატიაზე შეასუსტა და იგი ამას აუცილებლად მოახერხებს, ეს კიდევ უფრო გააადვილებს ჩვენს ურთიერთობას და ურთიერთობების ძველ ნიშნულზე დაბრუნებას. რადგან ის პრობლემები, რომელიც საქართველოს შეექმნა ბოლო 3 წლის განმავლობაში, ის უსამართლობა, დეზინფორმაცია, რაც ვრცელდებოდა ჩვენი ქვეყნის მისამართით, ამის ყველაფრის შემოქმედი სწორედ „დიფ სთეითი“ გახლავთ და რადიკალური ოპოზიციური ძალებიც სწორედ „დიფ სთეითის“ დაქვემდებარების ქვეშ მუშაობენ.
ღირებულებებით ნაწილში რომ უამრავი თანხვედრაა, ჩვენსა და ბატონ დონალდ ტრამპს, მის ადმინისტრაციას შორის, ეს კარგად მოგეხსენებათ. ორივე ვართ მშვიდობის მომხრეები, ორივე მხარემ ვიცით, რომ ქალი ქალია და კაცი - კაცი და შეუძლებელია, რომ ეს სხვანაირად იყოს. ამის მტკიცება რომ არ დაგვჭირდება, ესეც ძალიან გვახარებს. გამჭვირვალობა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ბატონი ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ამისთვის იგი დამატებით სახელმწიფო ეფექტურობის დეპარტამენტს ქმნის“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.