ლევან მაჭავარიანი: ამერიკა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენი ამოცანაა, აღდგეს რეალურ პარტნიორობასთან დაფუძნებული ურთიერთობები
„როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის ინტერესი გაქრება და ძალიან იოლი იქნება ურთიერთობების გადატვირთა აშშ-თან, რაც ავტომატურად პოვებს ასახვას ევროკავშირთან ურთიერთობაზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სტრატეგიული პარტნიორების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს ფრთხილ პრაგმატულ პოლიტიკას და ეცდება მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას ყველასთან.
ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ ამერიკა მნიშვნელოვანი პარტნიორია და დღის წესრიგში დგას ამერიკასთან რეალურ პარტნიორობასთან დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენა.
„ურთიერთობის გადატვირთვა აშშ-თან და ევროკავშირთან დამოკიდებული იყო რამდენიმე ფაქტორზე. ეს იყო - საქართველოში ჩატარებული არჩევნები, ამერიკაში ჩატარებული არჩევნები, ორივე დამთავრდა სასურველი შედეგით. ხაზგასმით ვამბობ, რომ ვერ გაემარჯვა ბატონ ტრამპს ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებდით დემოკრატების ადმინისტრაციასთან მუშაობას, თუმცა ახლა თქვენ თვითონ ატყობთ რამდენი თანხვედრა არის ღირებულებით ნაწილში ბატონ ტრამპთან.
შემდეგი მთავარი კომპონენტი არის - უკრაინაში ომის დასრულება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგედია მალე მორჩება. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ის ცუდი ინტერესი, რაც იყო საქართველოს მიმართ [მეორე ფრონტის] გაქრება და შესაბამისად, ძალიან იოლი იქნება ამ ურთიერთობის გადატვირთვა აშშ-თან, რაც ავტომატურად პოვებს ასახვას ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვაზე.
დონალდ ტრამპმა ბრძოლა გამოუცხადა „დიფ სთეითს“, რასაც „ქართული ოცნება“ „გლობალური ომის პარტიად“ მოიხსენიებს. დონალდ ტრამპმა ღია ბრძოლა გამოუცხადა „დიფ სთეითს“ უკვე მოაწერა განკარგულებებს ხელი და დაიწყო ამერიკის ბიუროკრატიის გაწმენდა „დიფ სთეითისგან“. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ის დაამარცხებს ამ ძალებს, მინიმუმ შეასუსტებს მათ გავლენებს აშშ-ში, ვინაიდან ისინი არიან შემოქმედები იმ პრობლემებისა, რა პრობლემებიც დაუდგა საქართველოს ამ 3 წლის განმავლობაში. სწორედ მათ ემსახურებიან ჩვენი რადიკალური ოპოზიციური ძალების ლიდერები.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც კი ბატონი ტრამპი ამას შეძლებს შეერთებულ შტატებში, ეს ტენდენცია უკვე გადავა ევროკავშირში, რისი პირველი ნიშნებიც შეინიშნება. და ამ ყველაფრის ფონზე უკვე ძველ ნიშნულებზე ურთიერთობების დაბრუნება იქნება ძალიან მარტივი.
რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენო ფრთხილი პრაგმატული პოლიტიკა და რა თქმა უნდა, უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობები ყველასთან. ამერიკა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენი ქვეყნის ამოცანების დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დგას - ამერიკასთან აღდგეს რეალურ პარტნიორობასთან დაფუძნებული ურთიერთობები“, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.