ლევან მაჭავარიანი: ახლა ბატონი ბლაჟევიჩი ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ - არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას
ახლა ბატონი ბლაჟევიჩი ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათთან დაახლოებულ ჯგუფებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან და ქვეყნის არევის საშუალება არავის ექნება.
„ვადევნებთ თვალს როგორ მეორდება ის სცენარი, რომელიც ნაცნობია ჩვენთვის. ეს იყო აკერმანის სცენარი, შემდეგ კანვასის ტრენინგები, მაკკეინის ინსტიტუტის ტრენინგები და კონკრეტული გზამკვლევი, რაც ოპოზიციას გადასცეს და სადაც რევოლუციური სცენარი იყო გაწერილი.
ახლა ბატონი ბლაჟევიჩი მოგვევლინა ანალოგიურ აქტორად, რომელიც ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათთან დაახლოებულ ჯგუფებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ.
სუს-ი ამის შესახებ ყველა ინფორმაციას ფლობს. სუს-ი, შსს, სხვა ძალოვანი უწყებები მოწოდების სიმაღლეზეა და არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.