Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ახალი არჩევნები გამორიცხულია, ოპოზიციას ვურჩევ, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ახალი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება. 

დეპუტატი ოპოზიციონერებს მოუწოდებს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ. 

„ახალი არჩევნები, რა თქმა უნდა, არის გამორიცხული. ჩვეულებრივ თვითმმართველობის არჩევნები იქნება ოქტომბერში და ვურჩევდი ოპოზიციას, უკვე მზადება დაიწყონ, რადგან ისევ გამანადგურებელი ანგარიშით არ წააგონ. მოგეხსენებათ, პროკურატურამაც უკვე შუალედური დასკვნა დადო, სადაც გამოირიცხა ყველანაირი სპეკულაცია ოპოზიციის მხრიდან თითქოს 1 ადამიანი 17-ჯერ თუ 18-ჯერ აძლევდა სხვადასხვა უბანზე ხმას. 

ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ვასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და უკვე 50%-ზე მეტია შესრულებული, 2028 წელს გვექნება - 90%-ზე მეტი, ევროკომისია უწევს ამ ყველაფერს მონიტორინგს. როდესაც ეს ყველაფერი შესრულებული გვექნება, 2028 წელს დღის წესრიგში დავაყენებთ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, ვინაიდან თუ პოლიტიკური ნება არსებობს, მოლაპარაკებების გახსნიდან დახურვამდე მაქსიმუმ 2 წელი საჭირო. 2030 წელი არის ზუსტად ის წელი, როდესაც ევროკავშირს თვითონ აქვს გაცხადებული, მისი ოფიციალური პოზიციაა, რომ მანამდე იგი არ გაფართოვდება. შესაბამისად, მოქალაქეები ამას იაზრებენ.

რაც უფრო დრო გადის აქციების მუხტიც უფრო მცირდება და მოქალაქეები იმასაც აღმოაჩენენ, რაც გადაუთარგმნეს ოპოზიციურმა ტელეარხებმა და სხვადასხვა აქტორებმა უცხოეთიდან, ეს ყველაფერი არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ. რა თქმა უნდა, ეს მუხტი ჩაცხრება ვინაიდან, ჩვენ ჩვენი ნაბიჯებით მათ დავარწმუნებთ, ჩვენ გზა, რა თქმა უნდა, არის ევროპისკენ, მაგრამ არის ღირსებით“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.