ლევან კოჭლოშვილი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ეს მიზანმიმართული პოლიტიკური შეტევაა, ამიტომაც გამოიყურება ყველაფერი თითქოს წინასწარ დაწერილი სცენარი იყოს - ბრიტანული მედიის ნაწილი საქართველოს შიდა პოლიტიკაში ხელოვნური დაძაბულობის შექმნას ცდილობს
„საქართველოსადმი მიმართული ბოლო „გამოძიება“, რასაც სირცხვილსაც ვერ დავარქმევ, კიდევ ერთი მაგალითია, როგორ იყენებს BBC გარკვეული კუნძულოვანი ბიუროკრატიის დიფსტეიტის ჯგუფებს, რომ რეგიონში პოლიტიკური რეალობა მცდარად წარმოაჩინონ“, - წერს „ხალხის ძალის” წევრი ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს არა ჟურნალისტიკა, არამედ, ეს მიზანმიმართული პოლიტიკური შეტევაა და სწორედ ამიტომ გამოიყურება ყველაფერი ისე, თითქოს წინასწარ დაწერილი სცენარი იყოს.
„საქართველოსადმი მიმართული ბოლო „გამოძიება“, რასაც სირცხვილსაც ვერ დავარქმევ, კიდევ ერთი მაგალითია, როგორ იყენებს BBC გარკვეული კუნძულოვანი ბიუროკრატიის დიფსტეიტის ჯგუფებს, რომ რეგიონში პოლიტიკური რეალობა მცდარად წარმოაჩინონ. ახლა უკვე იმდენად მოუქნელები გახდნენ, რომ 1-ელი მსოფლიო ომის დროინდელ ნივთიერებას აბრალებენ ქვეყანას, სადაც თავად ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პირდაპირ ამბობს - ბოლო შეძენა 2010-მდე იყო და მას შემდეგ არც შეძენილა, არც გამოყენებულა.
და აი, ამ ფაქტის მიუხედავად, ზოგიერთი „გამომძიებელი ჟურნალისტი“ ისე ჩამოდგა, თითქოს სკანდალი იშვა - სინამდვილეში კი მხოლოდ ერთი რამ გამოჩნდა: ინფორმაციული მანიპულაციის დაუფარავი მცდელობა.
ეს უკვე ჟურნალისტიკა აღარ არის - ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური შეტევა. სწორედ ამიტომაც გამოიყურება ყველაფერი თითქოს წინასწარ დაწერილი სცენარი იყოს: ბრიტანული მედიის ნაწილი, კონკრეტული ჯგუფების გავლენის ქვეშ, ცდილობს საქართველოს შიდა პოლიტიკაში ხელოვნური დაძაბულობა შექმნას და პასუხისმგებლობა დააკისროს ქართულ ოცნებას იმ თემაზე, რომელიც ფიზიკურადაც კი ვერ არსებობდა თანამედროვე რეალობაში.
ასე რომ, დასკვნა მარტივია: როცა ფაქტები არ აქვთ - იგონებენ. როცა ბრალდება ვერ დგას - „გამოძიებად“ ასაღებენ. როცა რეალობა ხელს არ აძლევს - ისტორიას წყვეტენ და თავიდან წერენ.
და ბოლოს - ვინც საქართველოს სახელმწიფოს ასეთ აბსურდში ითრევს, მათ არა „გამოძიება“, არამედ პასუხისმგებლობა ევალებათ: პასუხისმგებლობა დეზინფორმაციაზე, პოლიტიკურ მანიპულაციაზე და საზოგადოებაზე ნეგატიური ზემოქმედების მცდელობაზე.
საქართველო ფიქციის ადგილი აღარ არის, მით უმეტეს - იმპორტირებული ფიქციის”, - წერს კოჭლოშვილი.