Loading data...
ლაშა დარსალია მიხეილ ყაველაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტზე: იმ პარტნიორობის ხაზგასმაა, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს გააჩნიათ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია აზერბაიჯანში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალურ ვიზიტს გამოეხმაურა. 

დარსალიას თქმით, ის, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება აზერბაიჯანში, იმ პარტნიორობის ხაზგასმაა, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს გააჩნიათ. 

ამასთან, როგორც დარსალიამ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრეზიდენტთან და ქვეყნის სხვა ლიდერებთან, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

„30 წლის წინ, როდესაც ჩვენი თანამედროვე რესპუბლიკები იწყებდნენ თავიანთი დამოუკიდებლობის გზას, სწორედ ის ფუნქცია, რომელიც დღეს აქვს ჩვენს ორ ქვეყანას და მთლიანად ჩვენს რეგიონს, იყოს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დღესაც კიდევ უფრო აქტუალურია. ცენტრალური დერეფანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მთელი რიგი ჩვენი პარტნიორებისთვის და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ყოველთვის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მსჯელობისას,“ - აცხადებს დარსალია.