Loading data...
კობახიძე მთავრობას: მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით

სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავრობის პირველ სხდომაზე ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, მაქსიმალური შედეგების მისაღწევად აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, ყველასთვის მაგალითის მიმცემი იყოს. 

„ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს მაქსიმალურად ღია მოქალაქეებისთვის და იმავეს მოვითხოვთ ყველა სხვა სახელმწიფო უწყებისგან. ასევე, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლისა და ზედამხედველობის ყველა შესაბამისი მექანიზმი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„იგივე ეხება საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხს. აქაც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი მოქალაქეების პრეტენზიები სერვისების ხარისხთან დაკავშირებით და, ზოგადად, გადაწყვეტილებები ყველა თემასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან, სპეციალისტებსა და დარგის წარმომადგენლებთან ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე უნდა იყოს მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ დღეს პირველი სხდომა ჩაატარა.