კირცხალია: ვიმედოვნებთ, რომ აშშ-თან ახალი ურთიერთობის პოლიტიკა რეალურ რეჟიმში იქნება და არა ისე, როცა პრეზიდენტის მილოცვას ერთი კვირა არ აქვეყნებდნენ

„ვიმედოვნებთ, რომ აშშ-თან ახალი ურთიერთობის პოლიტიკა რეალურ რეჟიმში იქნება და არა ისე, როცა პრეზიდენტის მილოცვას ერთი კვირა არ აქვეყნებდნენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-თან ურთიერთობისთვის მზაობა ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა.
„ამერიკის ყოფილ ელჩს პენსიაზე კარგ დასვენებას ვუსურვებ. ჩვენ ამერიკასთან ურთიერთობის თვალსაზრისით განცხადება არაერთი პლატფორმიდან უმაღლესს დონეზე გავაკეთეთ.
ჩვენ არათუ მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, არამედ თვისობრივად ახალი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს. მეგობარ ქვეყანასთან ურთიერთობისთვის ჩვენი მზაობა არაერთხელ იყო დაფიქსირებული. სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც შავით თეთრზეა ფურცელზე, რეალურ პარტნიორობაში უნდა გადავიდეს.
რაც შეეხება ახალ ელჩს, ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ გადატვირთვის პოლიტიკა და ახალი ურთიერთობის პოლიტიკა რეალურ რეჟიმში იქნება და არა ის ურთიერთობა, როცა პრეზიდენტის მილოცვას ერთი კვირა არ აქვეყნებდნენ და მეორე დღეს სრულიად გაუგებარი პოსტი დადეს“, - აღნიშნა კირცხალიამ.