კირცხალია შვედეთის პრემიერის განცხადებაზე: ყოველთვის ვმიჯნავთ ევროპულ ღირებულებებს იმ არარჩეული ბიუროკრატებისგან და „დიფ სთეითის“ მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსებისგან, რომელთაგან უსამართლო დამოკიდებულებები მოდის

ყოველთვის ვმიჯნავთ ევროპას, ევროპულ ფასეულობებს და ღირებულებებს იმ არარჩეული ბიუროკრატებისგან და „დიფ სთეითის“ მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსებისგან, რომელთაგანაც უსამართლო დამოკიდებულებები მოდის, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ ერთნაირსქესიანი პარტნიორობა უნდა დაარეგულიროს და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.
კირცხალიას თქმით, საქართველო დე ფაქტო უკვე დგას ამ ყველაფრის წინაშე.
„როდესაც ვაინიცირებდით ოჯახური ღირებულებების კანონს, გამჭვირვალობის კანონს, გვესაუბრებოდნენ, რომ თურმე ოჯახური ღირებულებები ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული ყოფილა. თურმე ლგბტ თემის პროპაგანდაზე გადის ევროპული გზა. ამიტომ ყოველთვის ვმიჯნავთ ევროპას, ევროპულ ფასეულობებს და ღირებულებებს იმ არარჩეული ბიუროკრატებისგან და „დიფ სთეითის“ მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსებისგან, რომელთაგანაც ასეთი უსამართლო დამოკიდებულებები მოდის“, - აღნიშნა კირცხალიამ.