კირცხალია: როგორც ამ ტექსტს სიტყვის შეცვლის გარეშე ჩაჰყვნენ და წაიკითხეს, ზუსტად ისე მიჰყვებიან თითოეულ იმ დესტრუქციულ სცენარს, რომელიც მოდის ბრიუსელიდან და გამძაფრებულად მოდიოდა აშშ-დან წინა ადმინისტრაციის დროს
როგორც ამ ტექსტს სიტყვის შეცვლის გარეშე ჩაჰყვნენ და წაიკითხეს, ზუსტად ისე მიჰყვებიან თითოეულ იმ დესტრუქციულ სცენარს და დავალებას, რომელიც მოდის ბრიუსელიდან და განსაკუთრებით გამძაფრებულად მოდიოდა აშშ-დან წინა ადმინისტრაციის დროს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიუსელიდან ოპოზიციისთვის გამოგზავნილი ტექსტის შესახებ საუბრისას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გაიხსენა 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომელსაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.
„ძალიან კარგად ახსოვთ პრემიერ-მინისტრის თითოეული სიტყვა და განცხადება. ძალიან კარგად გვახსოვს ევროკავშირის ელჩის მიერ რამდენიმე საათში გაკეთებული, რეალობას აცდენილი, დეზინფორმაციული განცხადება - სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული რაოდენობა შეიყვანა შეცდომაში, მაგრამ მალევე მიხვდა ჩვენი საზოგადოება, თუ სად იდგნენ რეალურად“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
კირცხალიამ ასევე ისაუბრა ევროპული ქვეყნების დიპლომატებზეც, რომლებიც საქართველოს საშინაო საქმეებში ერევიან.
„ამოსავალი წერტილი არის მშვიდობა. ამას ვერ ეგუება ეს აგენტურა, უცხოელი დიპლომატი, გარე, ყოფილი, თუ მოქმედი პოლიტიკოსი. ჩვენმა საზოგადოებამ წლიდან წლამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე ამას გამოუტანა განაჩენი და უპასუხა ღირსეულად და დემოკრატიულად“, - განმარტა ირაკლი კირცხალიამ.