Loading data...
კირცხალია: 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვება იქნება დამაჯერებელი და ეს გამარჯვება ქართული საზოგადოების მხრიდან იქნება ძალიან მკაფიო მესიჯი იმ უცხოელი ე.წ. მეგობრებისთვის, რომლებიც სხვადასხვა დესტრუქციული სცენარის ავტორები არიან

მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ „ქრონიკასთან“ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველგან დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვება იქნება დამაჯერებელი და ეს გამარჯვება იქნება კიდევ ერთი ძალიან მკაფიო მესიჯი ქართული საზოგადოების მხრიდან, საქართველოზე შეყვარებული იმ უცხოელი ე.წ. მეგობრებისთვის, რომლებიც არიან სხვადასხვა დესტრუქციული სცენარის ავტორები იმ აგენტურის მეშვეობით, რომელი აგენტურაც დღეს (თავისი ჭკუით) კახა კალაძის საპირწონედ აყენებს სხვადასხვა სახელსა და გვარს კანდიდატებად“, - აცხადებს კირცხალია.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენის ვადა 4 სექტემბერს იწურება. თბილისისთვის ამ ეტაპზე მოქმედი მერი და ოპოზიციის ორი კანდიდატი იბრძვის: იაგო ხვიჩია - „გირჩის“ სახელით და ხაზარაძე-გახარიას პარტიებიდან - ირაკლი კუპრაძე.