ხელაძე ევროკავშირის გადაწყვეტილებით გაუქმებულ შეხვედრაზე: ისინი გაურბიან ჯანსაღ დიალოგს „ქართულ ოცნებასთან“ იქ, სადაც ფაქტებზე მიდის საუბარი, სადაც ციფრებზე მიდის საუბარი
ეს არის ზუსტად იმ უსამართლო, უპასუხისმგებლო, იმ არაჯანსაღი დამოკიდებულების გაგრძელება, რასაც ჩვენ ვუყურებთ ევროკავშირის მხრიდან. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ზეწოლა განხორციელდეს საქართველოს ხელისუფლებაზე - „ქართულ ოცნებაზე“, ბიძინა ივანიშვილზე და ამ ზეწოლის შედეგად ჩვენ პოლიტიკა შეგვაცვლევინონ. ჩვენ, კიდევ ერთხელ ყველას ხმამაღლა ვეუბნებით, რომ გამორიცხულია „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვიოს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ხელაძემ ევროკავშირის გადაწყვეტილებით გაუქმებულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ბრიუსელი გაურბის ჯანსაღ დიალოგს, როდესაც საქმე ეხება ციფრებს.
„ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე თუ რა არის დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ ჯანსაღი, გახსნილი დიალოგისთვის, რომელიც იქნება ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით განხორციელებული.
თუმცა, სამწუხაროდ, აი, ასეთი ფაქტების გათვალისწინებით ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი გაურბიან ჯანსაღ დიალოგს „ქართულ ოცნებასთან“, ვინაიდან იქ, სადაც ფაქტებზე მიდის საუბარი, სადაც ციფრებზე მიდის საუბარი, სადაც რეალური შეფასება ხდება ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, იმ გადადგმული ნაბიჯების, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შედეგად განახორციელა, მერე უკვე გადადის ასეთ გაუგონარ დამოკიდებულებაში ეს ურთიერთობები“, - აღნიშნა ხელაძემ.