„ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატი მანუჩარ რობაქიძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდები იყვნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებულები - თითოეული მათი ინიციატივა ჩვენს მიერ არის გათვალისწინებული და მხარდაჭერილი

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდები იყვნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებულები ჩვენს მუნიციპალიტეტში. წელს 6 ლოკაციაზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები მინი სტადიონების მშენებლობისთვის, ხშირია შემთხვევები, როდესაც ვატარებთ ტურნირებს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მანუჩარ რობაქიძემ განაცხადა.
მანუჩარ რობაქიძის განცხადებით, მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს მომავალი თაობის განვითარება, თითოეული ახალგაზრდის ინიციატივა გათვალისწინებული და მხარდაჭერილია მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ.
„თითოეული ახალგაზრდის ინიციატივა, აზრი, იდეა, ჩვენს მიერ არის გათვალისწინებული და მხარდაჭერილი. ამ მიმართულებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, თვითმმართველობა, თითოეულ სტუდენტს, რომელმაც წელს დაამთავრა მე-12 კლასი და მოიპოვა გრანტი, ჩვენ მათ თანხით დავეხმარეთ. ხოლო, ყველა მე-12 კლასელს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ მოუწყო ექსკურსები მათთვის სასურველ ლოკაციებზე“,- აცხადებს მანუჩარ რობაქიძე.
თერჯოლის მერობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა იმ სოციალურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და იმ პირებისთვის, ვისაც საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით გარკვეული სახის პრობლემები აქვს.
„სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ვაშენებთ სახლს. 2019 წლიდან მიმდინარეობს ჩვენს მუნიციპალიტეტში ეს პროგრამა, დღემდე აშენებული გვაქვს 41 სახლი, წელს კიდევ ვაშენებთ 9 სახლს და წლის ბოლოს გვექნება 50 სახლი ამ პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში აშენებული. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საინტერესო პროგრამაა, რომელიც თერჯოლაში ხორციელდება, რომელიც აუცილებლად მომავალშიც გავაგრძელებთ და ყველა საჭიროების მქონე ოჯახს, რომელიც აუცილებლობიდან გამომდინარე საჭიროებს სახლის მშენებლობას, აქვთ საფრთხის შემცველი სახლები, ყველას ეტაპობრივად ავუშენებთ“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მანუჩარ რობაქიძემ, ასევე ისაუბრა წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც მომავალში აქტიურად გაგრძელდება და წყლის პრობლემა სრულად იქნება აღმოფხვრილი.
„ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება, ყველა იმ საჭირო საკითხის, შესწავლა, გადაწყვეტა, მოგვარება, რომელიც ჩემს მოსახლეობას აწუხებს. ასეთი საკითხი, რა თქმა უნდა, ბევრია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანს - წყლის რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომელიც მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით და არა მარტო ჩვენს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ჩვენ გვაქვს სოფლები, სადაც უკვე ამ წლების განმავლობაში აღმოვფხვერით ეს პრობლემა, მაგრამ კიდევ სჭირდება უფრო სიღრმისეული შესწავლა, რომ მთლიანად მთელი მუნიციპალიტეტი იქნეს წყლის მიმართულებით დაფარული“,- აცხადებს მანუჩარ რობაქიძე.