Loading data...
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ქართველი ხალხის წინააღმდეგ ორკესტრირებულ თავდასხმას, რომელმაც 26 ოქტომბრის შემდეგ ახალი შინაარსი შეიძინა, აქვს ერთადერთი მიზეზი - ქართველმა ხალხმა არ დაუშვა ხელისუფლებაში „დიპ სტეიტის“ აგენტურის - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება

„17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელდა წერილი, რომელიც, სამწუხაროდ, უნდა შეფასდეს როგორც მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

პოლიტსაბჭოს ცნობით, ევროპელი მაღალჩინოსნების მიერ გავრცელებული განცხადება გაჯერებულია საბჭოური სტილის დეზინფორმაციითა და ცრუ ბრალდებებით. ორკესტრირებული თავდასხმების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი კი, ისაა, რომ ქართველმა ხალხმა საპარლამენტო არჩევნებზე არ დაუშვა ხელისუფლებაში „დიპ სტეიტის“ აგენტურის - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება.

„განცხადება გაჯერებულია საბჭოური სტილის დეზინფორმაციით და ცრუ ბრალდებებით. შესაბამისად, მოვუწოდებთ წერილის თითოეულ ხელმომწერს, საკუთარ განცხადებებს მომავალში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

ქართველი ხალხის წინააღმდეგ ორკესტრირებულ თავდასხმას, რომელმაც 26 ოქტომბრის შემდეგ ახალი შინაარსი შეიძინა, აქვს ერთადერთი მიზეზი - ქართველმა ხალხმა არ დაუშვა ხელისუფლებაში „დიპ სტეიტის“ აგენტურის - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, რასაც ღიად გულშემატკივრობდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში და კონკრეტული ევროპელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები.

ყველა ხედავს, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ვერავინ აყენებს ეჭქვეშ. გარდა ობიექტური სინამდვილისა, არჩევნების ლეგიტიმურობას ამყარებს როგორც ეუთო/ოდირის დასკვნა, ისე ეუთოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების განცხადებები, მათ შორის ეუთოს გენერალური მდივნის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ 2024 წლის არჩევნები ქართველი ხალხის ნებას სრულად ასახავდა. აშკარაა, რომ ევროპელი ჩინოვნიკები არა არჩევნების შინაარსით, არამედ მისი შედეგით არიან უკმაყოფილო.“ - აღნიშნულია მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით, 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, ევროპელი ჩინოვნიკები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.