„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო 18 ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებაზე: ყოველგვარი არგუმენტის გარეშე საქართველოს პარლამენტისთვის იმის მითითება, თუ რა კანონი უნდა მიიღოს და რა არა, საპარლამენტო სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა

საქართველოსთან დაკავშირებით, 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ეხმიანება.
როგორც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, ევროპელი მაღალჩინოსნების მიერ საქართველოში პოლიტიკურ დევნაზე საუბარი, გერმანიასა და საფრანგეთში მთავარი ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების პოლიტიკური დევნის ფონზე, ღიმილის მომგვრელია.
„როდესაც ვინმეს პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, ყველას გვინდა შევახსენოთ, თუკი სადმე შეიძინა პოლიტიკური ელფერი პოლიტიკოსების სამართლებრივმა დევნამ, ეს სწორედ გერმანია და საფრანგეთია. გერმანიასა და საფრანგეთში მთავარი ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების დევნის ფონზე, მათი მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელია. ასევე, უნდა გავიხსენოთ რუმინეთში მომხდარი გაუგონარი ამბავი, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს ჯერ არჩევნები საერთოდ გაუუქმეს, ხოლო მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს და არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. ევროპული ბიუროკრატიისგან, რომელმაც დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვის ამ აქტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, ქართული დემოკრატიის დაწუნება სრულიად უადგილოა,“ - აღნიშნულია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, დეზინფორმაციულ წერილში მოცემული დირექტივა, იმის შესახებ, რომ „ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონები“ უნდა გაუქმდეს, შემაშფოთებელია.
„შემაშფოთებელია დეზინფორმაციით გაჯერებულ წერილში მოცემული დირექტივაც იმის შესახებ, რომ უნდა „გაუქმდეს ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონები“. საუბარია კანონებზე, რომელთა მიზანი გარე დაფინანსებით საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების აღკვეთაა. ყველა ეს კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და სტანდარტებთან. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე საქართველოს პარლამენტისთვის იმის მითითება, თუ რა კანონი უნდა მიიღოს და რა არა, საპარლამენტო სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
18 ევროპელი მაღალჩინოსნის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივი განცხადებით, ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.