„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლაგოდეხში: დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის გამარჯვებაში იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი უალტერნატივო ძალა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის განვითარება

„დარწმუნებული ვარ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამარჯვებაში იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი უალტერნატივო ძალა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობიანი პერსპექტივის განვითარება, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა და რა თქმა უნდა ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაც“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლაგოდეხში ჯონდო მდივნიშვილმა.
ის აღნიშნულ პოზიციაზე მესამე ვადით არის წარდგენილი ამიტომ სამომავლო გეგმებთან ერთად, ჯონდო მდივნიშვილმა შესრულებულ სამუშაოებზეც ისაუბრა.
„ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტების განხორციელება შევძელით. 160 პროექტი განვახორციელეთ ამ წლების განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურის, რომელიც მოიცავს 195 კმ ახალი საფარი გზის დაგებას და საერთო ჯამური ღირებულება 108 მილიონ ლარს აჭარბებს. ასევე, 12 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა განხორციელდა, რომელზეც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მცირე და სხვადასხვა მოცულობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა საბავშვო ბაღებში, სხვა სააღმზრდელო დაწესებულებებში. ორი ახალი საჯარო სკოლა აშენდა, მიმდინარეობს მესამე საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ გვიმრიანში. ასევე, დიდი ყურადღება დაეთმო მწვანე რეკრეაციული სივრცეების შექმნას. იგულისხმება, როგორც მასშტაბური პროექტები. ახლა მაგალითად ვიმყოფებით ლაგოდეხის პარკში, რომელიც 4 ჰექტარზეა გაშენებული, მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცეებით, სხვადასხვა აქტივობებით, რომლის ღირებულება თითქმის 11 მილიონი ლარია. ეს არის ლაგოდეხის სავიზიტო ბარათი. ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო და ბოლო წლებში 86 სხვადასხვა მოცულობის და ზომის სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მიმდინარეობს მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა ორ ლოკაციაზე სხვადასხვა სოფლებში. ასევე, მინდა გავამახვილო ყურადღება მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ პროექტებზე. 33 ქვეპროგრამა გვაქვს სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამაში და მხოლოდ წლევანდელი წელი, რომ ავიღოთ 2088 ბენეფიციარმა ისარგებლა მუნიციპალური სოციალური პროგრამებით, რაც ნიშნავს იმას, რომ 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო გარკვეული ბენეფიტი, ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით. ეს იყო როგორც ქირურგიული ჩარევა, გამოკვლევები თუ მედიკამენტები“, - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
მისი თქმით, გაკეთებული საქმეები სახეზეა და ამას ხედავს მოსახლეობა.
„ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ შემდეგი 4 წელი იყოს კიდევ უფრო დინამიკური, კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე ორიენტირებული, უფრო სწრაფი ნაბიჯებით და მკვეთრი ნაბიჯებით ვიაროთ წინ. გამოვყოფ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლის განხორციელებაც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს არის მაგალითად, ქალაქ ლაგოდეხში კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია, ასევე, საჭიროა განხორციელდეს რამდენიმე საჯარო სკოლის მშენებლობა. ასევე, სააღმზრდელო დაწესებულებების კუთხით გვაქვს გარკვეული გამოწვევები. საგზაო ინფრასტრუქტურა რჩება ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად და მთლიანობაში ეს 4 წელი მოხმარდება იმას, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე“, - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.