„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ქუთაისში დავით ერემეიშვილი: ვპირდებით თანამოქალაქეებს, რომ თითოეულ მოსახლესთან მივალთ და ყველა ის პრობლემა, რაც მათი მხრიდან წამოვა, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული

„ვპირდებით თანამოქალაქეებს, რომ თითოეულ მოსახლესთან, თითოეულ უბანში, თითოეულ სადარბაზოში მივალთ და ყველა ის პრობლემა, რაც მათი მხრიდან იქნება წამოსული, მომდევნო წლის ბიუჯეტისთვის მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ქუთაისში დავით ერემეიშვილმა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო გარემო ქუთაისში მშვიდია.
„აქტიურად მიმდინარეობს ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ ერთი დღითაც არ გაგვიჩერებია სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების შეკეთება, რაზეც ჩვენი თანამოქალაქეებიდან წლების განმავლობაში მოდიოდა თხოვნები, ამის შესაბამისად, ქალაქში მივიღეთ პროექტები. ყოველწლიურად, როდესაც ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტზე გვიწევს მუშაობა, მათთან ერთად გავდივართ ამ პრობლემებს და მათთან ერთად ვიღებთ სამომავლოდ გადაწყვეტილებას, თუ რა პროექტია ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი.
მოქალაქეებთან შეხვედრა აქტიურ ფაზაშია. გუშინ დავასახელეთ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები. ასევე, დავასახელეთ პარტიული სიით შემავალი საკრებულოს დეპუტატები. მათთან ერთად გავედით უკვე თითქმის მოსახლეობასთან. ყველა დეპუტატი აქტიურად არის ჩართული. გვესმის მათი პრობლემების. ერთად ვსხდებით, ვიზიარებთ.
წინასაარჩევნო გარემო ქუთაისში მშვიდია. ვპირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ თითოეულ მოსახლესთან, თითოეულ უბანში, თითოეულ სადარბაზოში მივალთ და ყველა ის პრობლემა, რაც მათი მხრიდან იქნება წამოსული, მომდევნო წლის ბიუჯეტისთვის მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება“, - აღნიშნა მან.