Loading data...
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩინეთში შეხვედრებს გამართავს

„ძალიან მნიშვნელოვანია პეკინში ჩვენი ვიზიტი. გვექნება საინტერესო შეხვედრები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდული მიმართულებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ჩინეთში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სურს ჩინეთთან არსებული ურთიერთობების გაღრმავება.

„ზაფხულში საქართველოში ჩინელი ახალგაზრდები იმყოფებოდნენ. ძალიან საინტერესო იყო მათთან შეხვედრა, ისინი საკმაოდ კარგად ფლობენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ძალიან კარგად კითხულობენ ჩვენს ლექსებს და ეს შეხვედრები, სწორედ ამის გაგრძელებაა.

ჩინელმა ახალგაზრდებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ჩვენც გვინდა, უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. საკმაოდ კარგად ჩაიარა შეხვედრებმა.

ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელმწიფოა თავისი მშვიდობიანი პოლიტიკით და საქართველოს აქვს პოტენციალი, უფრო გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან, რაც სამომავლოდ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ წაადგება.

მოხდება გამოცდილების გაზიარებაც, გვექნება სამომავლო ხედვები, გეგმები, თუ როგორ შეიძლება, გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით. ძალიან ბევრი ისეთი რამ არის, რაც ჩვენთვის გამოსადეგი იქნება, ასევე გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. ვფიქრობ, შეხვედრები ნაყოფიერად და კარგად ჩაივლის“, - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.