კალანდარიშვილი: სიებში დუბლირება არის წარმოუდგენელი, ვერიფიკაციის აპარატში არის ის სია, რაც არის ცესკოს სერვერზე
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს უპასუხა, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა „სომხური კარუსელი“ - ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი“.
როგორც კალანდარიშვილი აცხადებს, დუბლირება და ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა მეორედ შეუძლებელი იყო.
„არჩევნების მეორე დღიდანვე დაიწყო გარკვეული მანიპულაციები, რომელიც უკავშირდებოდა იმას, თითქოს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ვერიფიკაციის აპარატებში სიების დუბლირებას ჰქონდა ადგილი და ა.შ. - დავიწყებ საუბარს ვერიფიკაციის ნაწილით, ამერიკული კომპანია „PRO V&V“, რომელიც ამერიკაში ორიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია შესაბამისი აკრედიტაცია ჩაატაროს ხმის მიცემის ტესტირება და ვერიფიცირება.
ეს არის საარჩევნო ლაბორატორია და ეს ის კომპანია გახლავთ, რომელიც შესაბამისი ვენდორი კომპანიებისთვის ლიცენზიების გაცემას ახორციელებს, მათ მიერ წარმოებული ტექნოლოგიური საშუალებების ამერიკის ტერიტორიაზე გამოყენებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ კომპანიამ დაადასტურა და ეს ანგარიში ჩვენს ვებ-გვერდზე არის წარმოდგენილი, რომ სიებში დუბლირება არის წარმოუდგენელი.
ვერიფიკაციის აპარატში არის ის სია, რაც არის ცესკოს სერვერზე. ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში არის მხოლოდ ერთხელ მისი რეგისტრაციის მისამართის მიხედვით.
აქ არის, ასევე, მნიშვნელოვანი, რომ „ქაღალდის კვალი“ არის პროცესში. ეს „ქაღალდის კვალი“ არის ის, რომ რომელი სიაც არის ჩატვირთული კონკრეტულ საარჩევნო უბანზე, მისი რეგისტრირებული ამომრჩევლების მიხედვით, ის სია, როდესაც საარჩევნო უბანი იხსნება, იბეჭდება იქვე საჯაროდ, კედლის სიასთან ერთად და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს მისი აუდიტორების და მონიტორინგის შესაძლებლობა. სიაში, ვერიფიკაციის აპარატში, ისევე, როგორც ტრადიციული უბნის შემთხვევაში ვერაფრის დამატებით მიწერა, მოწერა ვერ განხორციელდებოდა. ეს არის შეუძლებელი“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.