კალაძე ივანიშვილზე: ბევრჯერ უთქვამს, როდესაც გამოვდიოდი სახლიდან, ოჯახს ვემშვიდობებოდიო, რადგან ყველაფრის გამკეთებლები იყვნენ და არაფერი გამორიცხული არ იყო მაშინდელი ხელისუფლებისგან

„ბიძინა ივანიშვილს ბევრჯერ უთქვამს, როდესაც გამოვდიოდი სახლიდან, ოჯახს ვემშვიდობებოდიო, რადგან ყველაფრის გამკეთებლები იყვნენ და არაფერი გამორიცხული არ იყო მაშინდელი ხელისუფლებისგან“, - ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის პერიოდზე საუბრისას განაცხადა.
„ასეთი გადაწყვეტილებები გმირობის ტოლფასი იყო. ჩვენ ვსაუბრობთ პერიოდზე, როდესაც, მაგალითად, ოჯახში ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, ჩურჩულით საუბრობდნენ იმიტომ, რომ იყო საშიშროება, ვიღაცას შეიძლება მოსასმენი ჰქონოდა დაყენებული.
მიმდინარეობდა ტოტალური კონტროლი, ტოტალური მოსმენები. გვისაუბრია ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ბევრჯერ უთქვამს, რომ როდესაც გამოვდიოდი სახლიდან, ოჯახს ვემშვიდობებოდიო, რადგან ყველაფრის გამკეთებლები იყვნენ და არაფერი გამორიცხული არ იყო მაშინდელი ხელისუფლებისგან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.