კალაძე ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ცვლილების განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ნარკოდამოკიდებულთა დახმარება პრინციპულად მნიშვნელოვანია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკაში გარკვეული ცვლილების განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ნარკოდამოკიდებული ადამიანების დახმარება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრებით.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს ხელისუფლების მიერ დაანონსებული ანტინარკოტიკული რეფორმის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ახალგაზრდები გვაღელვებს. შესაბამისად, გარკვეული ცვლილების განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ნარკოდამოკიდებული ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ გახდა აუცილებელი ამ ეტაპზე აღნიშნული ცვლილებების განხორციელება, მერი პასუხობს: „ჩვენ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დავაანონსეთ და მათ შორის არის აღნიშნული მიმართულება. სადაც ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, გამოწვევებს, გვინდა, რომ ის მიმართულებაც იყოს მოწესრიგებული და აღმოფხვრილი ის პრობლემები, რომელსაც ვაწყდებით ყოველდღიურობაში“.